„ჩვენი ღვინო ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ისტორია კი - ჩვენი ღირსება." — ერთი ოჯახის რამდენიმე თაობის საგვარეულო ტრადიცია 1907 წლიდან.
საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში (ანტიკური კოლხეთის ტერიტორია, დღევანდელი მარტვილი), ნიკოლოზ დანელიამ (1843–1929) თავის ვაჟს, ვლადიმერს (1879–1975), ბავშვობიდანვე შეაყვარა ვაზი და ღვინის დამზადების საოჯახო ტექნოლოგია გაუზიარა.
დანელიების ეს საგვარეულო შტო ერთ-ერთი უძველესი მეგრული დინასტიაა, რომელიც XIII-XIV საუკუნეებიდან იღებს სათავეს. თანამედროვე გენეტიკურმა კვლევებმა (Y-DNA ტესტირება, ჰაპლოჯგუფები G2a და J2) მეცნიერულად დაადასტურა მათი პირდაპირი კავშირი ანტიკურ კოლხურ ცივილიზაციასთან - იმ ხალხთან, ვინც ათასწლეულების წინ საფუძველი ჩაუყარა მეღვინეობას.
1907 წელს ვლადიმერმა ბათუმში დააფუძნა კომპანია „დანელია და კომპანია“. მან შექმნა უნიკალური სასაქონლო ნიშანი და ეტიკეტი (1907 წლის რეგისტრაცია №39), რომელზეც ყურძნის მტევნებთან ერთად ფუტკარიც გამოსახა - როგორც მრავალსაუკუნოვანი საგვარეულო ტექნოლოგიის სიმბოლო. ვლადიმერმა სავაჭრო ნიშანზე ღვინის ორი ბოთლი განათავსა და მათ ეტიკეტებზე ძალიან წვრილი შრიფტით დაიტანა თილისმად ქცეული სიტყვა - „შევძელი“, რაც ფალსიფიკაციისგან დაცვის საიმედო მექანიზმიც იყო.
1921 წლის რუსულ-საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მოხდა ოჯახის ვენახების, ქარხნისა და მაღაზიების კონფისკაცია. მიუხედავად რეპრესიებისა და მუდმივი საფრთხისა, ვლადიმერის ვაჟმა, შალვა დანელიამ (1918–2004), შეძლო ტექნოლოგიური ფორმულისა და საოჯახო არქივის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.
ბრენდის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. იუნკერი იასონ სურგულაძე (გელა დანელიას დედის მხრიდან ბებიის ძმა) 1921 წელს თბილისის დაცვისას გმირულად დაეცა კოჯორ-ტაბახმელასთან ოკუპანტებთან ბრძოლაში. ლონგინოზ ბესელია (გელა დანელიას მამის მხრიდან ბებიის ძმა) ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრი იყო. ოკუპანტებმა იგი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა ვლადიმერის დახმარებით ციხიდან გაიქცა. გარდაიცვალა ემიგრაციაში, საფრანგეთში, დაკრძალულია პარიზის სენტ-უანის სასაფლაოზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991) შემდეგ, შალვას ვაჟმა, გელა დანელიამ, დააპატენტა საგვარეულო ტექნოლოგია და განაახლა წარმოება. დღეს ბრენდის განვითარებას სათავეში უდგანან მისი შვილები - შალვა და ნინო, ხოლო შვილიშვილები სიამაყით ემზადებიან ამ საუკუნოვანი მემკვიდრეობის გასაგრძელებლად.
ბრენდის განსაკუთრებულობას საგვარეულო ტექნოლოგია განაპირობებს. ღვინის (რომელიც 500-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ მიკროელემენტს შეიცავს) თაფლითა და ფიჭით (200-ზე მეტი სასარგებლო ნივთიერებით) დამუშავების შედეგად იზრდება ღვინის მდგრადობა და სასარგებლო თვისებების სპექტრი.
ვლადიმერ დანელია აარსებს „დანელია და კომპანიას" და ქმნის სასაქონლო ნიშანს.
საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ოჯახი ინახავს საიდუმლო ტექნოლოგიასა და არქივს.
გელა დანელია იპატენტებს წინაპართა ტექნოლოგიას და განაახლებს წარმოებას.
ტრადიციას აგრძელებს მეხუთე და მეექვსე თაობა, რომელსაც გადაიბარებს მეშვიდე თაობა
2019 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „დანელიას ღვინის“ დამზადების ტრადიციულ საგვარეულო ტექნოლოგიას მიენიჭა საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობის დარგში ასეთი მაღალი სტატუსი მხოლოდ უძველეს „ქვევრის ღვინოს“ გააჩნია.
საერთაშორისო სოლიდურმა საინფორმაციო სააგენტოებმა (Agence France-Presse (AFP), L'EXPRESS, The Sun Daily, The Japan Times, Yahoo News და სხვ.) გამოაქვეყნეს მასალები „დანელიას ღვინის“ უნიკალურობის შესახებ სათაურით - „საქართველო ღვინის წარმოების რენესანსის ფესვებს უბრუნდება“.
„დანელიას ღვინის ძველი სახლი“ - „ცოცხალი ისტორია, რომელიც ქმნის მომავალს“: ბათუმის ისტორიულ ცენტრში, ზ. გამსახურდიას ქუჩა №43-ში მდებარე საფირმო მაღაზია-მუზეუმი, რომელიც ვლადიმერ დანელიამ 1907 წელს დააარსა, ყველაზე ძველი მოქმედი ღვინის საფირმო მაღაზიაა საქართველოში. ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება წარსული და აწმყო. აქ დაცულია 1907–1921 წლების სამუზეუმო ექსპონატები.
ტურიზმის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2025 წელს „დანელიას ღვინის ძველი სახლი“ დაჯილდოვდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალური პრიზით - „მაგნოლია 2025“.